სენაკში, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დონორი ორგანიზაციის (USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო)წარმომადგენლები: ეკატერინე გამეზარდაშვილი და გიორგი ხეჩინაშვილი სტუმრობდნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა პროექტის შედეგებზე ისაუბრეს .
სამშვიდობო საქმიანობა, კვლევებში მონაწილება, ადვოკატირება, არაფორმალური დებატები, ფსიქოლოგთან შეხვედრები, ტრენინგები, ქართულ-აფხაზური შეხვედრები - ჯგუფის წევრები ამ ძირითად სეგმენტებს ანიჭებენ უპირატესობას და მიაჩნიათ, რომ პროექტში ამ მიმართულებით ჩართულობამ მათზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე: გოგონათა უფლებებსა და სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაზე. მონაწილები თვლიან, რომ მენტალური მიზეზებიდან გამომდინარე გენდერული თანასწორობის კუთხით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების თაობაზე ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი ხელისუფლება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან; გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიები, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტი შედეგად დაზარალებული ქალები - თემის ლიდერები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ძირითად აქტივობებზე და იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში.
საქართველოს პარლამენტში გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პრეზენტაცია - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.
მოხსენება საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ წარადგინა. პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მოაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ:პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ მონაწილეობდა თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.
სექტემბერში აქტიურად მიმდინარეობდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა. ორგანიზაციამ დახმარების ახლებური მეთოდი შეიმუშავა. გამზადებული პაკეტის (სურსათი, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები) ნაცვლად შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა ბენეფიციარებს.
ამ თვეში 8 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას (სულ 331 ადამიანია ბაზაში). მათთვის შეძენილ იქნა 180 ვაუჩერი და დახმარება გაეწია 110 ოჯახს (15 ოჯახს - ხელმეორედ).
უკრაინელ ლტოლვილებს, თავიანთი საჭიროებების მიხედვით სხვა დახმარებაც გაეწიათ: 6 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა; სამმა მიიღო თანხა კომუნალური გადასახადებისთვის; ერთ-ერთ ონკოპაციენტს დაუფინანსდა 647 ლარის ანალიზები მეორემ კი ჩვენი დახმარებით შეიძინა 286 ლარის წამლები.
ჩვენი მხარდაჭერის სამსახური ზრუნავს უკრაინელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ერთ-ერთი ბენეფიციარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ესწრება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსებს და ძალიან მოსწონს მეცადინეობების ფორმატი. 6 ქალი მონაწილეობდა ბათუმში გამართულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე კი თვის მანძილზე კვლავინდებურად უტარებდა მსურველებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მშვიდობა იწყება შენით-ამ სლოგანით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშიროს დღე აღნიშნა.
ქალბატონების შეფასებით, მშვიდობა უალტერნატივოა.მათ საკუთარ როლსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნა.
მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სამშვიდობო პროცესებში.
„მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებას...ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“-გაეროს 1981 წელს მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერილ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა
მშვიდობა იწყება ჩვენით, ჩვენ ყველანი ვქმნით ლოკალურ მშვიდობას, ამიტომაც საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა შევქმნათ გლობალური მშვიდობა- ასეთი პოზიციით წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სამშვიდობო აქციები გამართეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. საინფორმაციო შეხვედრებზე კი სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მიერ გამართული შეხვედრა. კლუბის ლიდერმა პრეზენტაცია წარადგინა, წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის დღის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და გადაჭრის გზების შესახებ საუბარს დაეთმო.
ადვოკატირების პროცესის დინამიკის განსახილვევლად შეიკრიბნენ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები . ადვოკატირების გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები მზად არიან იმუშაონ არჩეულ პრობლემაზე, სამიზნე სკოლის დირექტორსაც შეხვდნენ, გააცნეს თანამშრომლობის მიზანი და სამომავლო გეგმაც დასახეს.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეუერთდა.
,,მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მოდით დავდოთ პირობა, რომ ჩვენს შვილებს ვასწავლით შემწყნარებლობასა და სხვათა პატივისცემას.
ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და დავიცვათ ის, როგორც შეგვიძლია” -ეს იყო ქალბატონების მიერ გაჟღერებული ძირითადი მესიჯები.
რაც შეეხება სოფელ კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ მშვიდობის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია არის საუკეთესო ნიადაგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის . მათი თქმით, სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება მშვიდობის საერთაშორისო დღე.