თერჯოლის სამუშაო ჯგუფს არაერთი წარმატება დაუგროვდა. პროექტის დასაწყისიდან ბევრი რამ გაკეთდა და მრგვალ მაგიდაზე სწორედ ამ აქტივობებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები, ექიმები, იურისტები, სოციალური მუშაკები.

შეხვედრის მონაწილეებმა კარგად დაინახეს, რა გააკეთა სამუშაო ჯგუფმა ბოლო პერიოდში. ისაუბრეს ადგილობრივი საჭიროებების მეორე კვლევაზე, რომელიც ახლახან დასრულდა და მალე პუბლიკაციის სახეს მიიღებს. გაიმართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და აღინიშნა, რომ ისინი  საკმაოდ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში.

განსაკუთრებული აქცენტი დაისვა სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხზე - ამჟამად დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს, მალე განთავსდება ვებგვერდზე და ამ პლატფორმაზე მოქალაქეებს საკუთარი იდეების  და საპროექტო განაცხადების დაფიქსირების საშუალება მიეცემათ.

„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ვანში. შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებათა შეფასებასა და გამოკვეთილ რეკომენდაციებზე. ისინი გაეცნენ ვანში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. ასევე გაკეთდა პრეზენტაცია ვანის სამუშაო ჯგუფზე, მის სტრუქტურასა და შედეგებზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე გაიმართა. მონაწილეებმა დააფიქსირეს ის მიზეზები, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. ეს, ძირითადად, ინფორმირების დაბალ დონეს და სათანადო უნარების არქონას ეხება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

არჩევნების მიმართ ნიჰილისტური განწყობის მიუხედავად, შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივის  მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. ინიციატივა უჩვეულო და ორიგინალურია - ეს არის ონლაინ პლატფორმა ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც ამომრჩეველს მისცემს ინფორმაციას პოლიტიკური სუბიექტების პოზიციებისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყეს. ისინი შეკრებილებს აცნობენ ინფორმაციას ფონდი „სოხუმის“ პლატფორმაზე. პირველი შეხვედრები 24-დან 29 ივნისამდე ჩატარდა კახათის ჩაის ფაბრიკის დევნილთა ჩასახლებაში, ხურჩის სათემო ცენტრში და სოფლის მცხოვრებლებთან - ინდივიდუალურად. შეხვედრებმა პანდემიის რეჟიმის გათვალისწინებით, მცირე ჯგუფებში ჩაიარა.

27-29 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერულად ორიენტირებული ადგილობრივი სოციალური პოლიტიკა“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური).

ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან, გენდერულ პოლიტიკასა და ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო - სამოდელო სამოქმედო გეგმებზე მუშაობა და მათი პრეზენტაცია.

ტრენინგის მესამე დღეს ზუგდიდის, ჩოხატაურის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა, გამოცდილება, ინოვაციური პროგრამები სოციალური, ჯანდაცვის,  ასევე - ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

აქტიურად მუშაობდა ივნისში ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო სამსახური. ადამიანები მიმართავდნენ ფსიქოლოგსაც და იურისტსაც.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა ცალკეულ  ბენეფიციარებთან და ასევე - ჯგუფური შეხვედრები  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფსიქოლოგი შეხვდა ორ ოჯახურ წყვილს და ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებს. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია უგრძელდებათ მოზარდებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.      

იურისტმა 4 ონლაინ კონსულტაცია ჩაატარა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი სამ ჯგუფს შეხვდა.

ეს ციფრებია, ციფრებს მიღმა კი კმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც აგვარებენ, ან უკვე მოაგვარეს თავიანთი პრობლემები.

ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად  კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.

რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.

 

შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.

სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.

ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.

როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში  გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები